Luis Buñuel მარჯვნივ
ნაწყვეტები მოგონებათა წიგნიდან
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბარებში მაქვს გატარებული. ბარი - ის ადგილია, სადაც შეიძლება მიეცე ფიქრს, მოიკრიბო სულიერი ენერგია, აღივსო ახალი შთაბეჭდილებებით... ახლა, ამ საუკუნესავით ბებერი, სახლიდან აღარ გამოვდივარ, ვზივარ ჩემ პატარა ოთახში და ვიგონებ საყვარელ ბარებს.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ბარი განსხვავდება კაფესაგან. ვთქვათ, პარიზში კარგ ბარს ვერ იპოვით, სამაგიეროდ ეს ქალაქი სავსეა შესანიშნავი კაფეებით. კაფეები, ტერასები და თამბაქოს კიოსკები რომ არა, პარიზი ატომისაგან განადგურებულ ქალაქს დაემგვანებოდა.
